საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე კახეთის მუნიციპალიტეტების მერებს, რეგიონში მოქმედი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და მთის ფონდებიდან, ასევე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამუშაოების დადგენილ ვადებში და სათანადო ხარისხით შესრულების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი თუშიშვილი, მამუკა ბურდიაშვილი და მუნიციპალიტეტების მერიების ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.