კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პირველკლასელებთან ერთად, პროგრამის “ჩემი პირველი ნერგი” ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 450 ნერგი დაირგო, მათ შორის, კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კვიპაროსი, კოლხური ბზა, ელდარის ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.