მაია ბითაძე სიღნაღის მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში საქმიანობის ანგარიშს და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში იმყოფებოდა.
მინისტრს მუზეუმის საქმიანობის ანგარიში და არსებული საჭიროებები მუზეუმის დირექტორმა, მარიამ ინანაშვილმა გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
„სიღნაღის მუზეუმი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. აქ ფუნქციონირებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მასპინძელია. მუზეუმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გამოწვევების მოგვარება. საჭიროა შენობის ფასადის რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცეების მოწყობა და განათების სისტემების განახლება. მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
2027 წელი სიღნაღის მუზეუმისთვის საიუბილეოა – მუზეუმს დაარსებიდან 80 წელი, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთებიდან 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება, რომლებიც მუზეუმის ისტორიის, კოლექციებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას დაეთმობა.
მინისტრთან ერთად სიღნაღის მუზეუმში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.