იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღია კარის დღეს დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, და შეხვდა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ შალვა ჭკადუას ღია კარის დღეზე მოწვევისთვის, რადგან მომეცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს ასეთ მნიშვნელოვან დღეს შევხვედროდი. ამავდროულად, მაქვს პატივი, როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აბიტურიენტების წინაშე, რეკომენდაცია გავუწიო კახეთის რეგიონის ერთადერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ჩემი პატივისცემა გამოვხატო აქ დასაქმებული პროფესორ – მასწავლებლების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ჩვენი რეგიონის წინსვლისა და განვითარების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, ცოდნა ძალაა და გისურვებთ თქვენი ცოდნით, უნარებითა და გამოცდილებით საუკეთესო მაგალითი აჩვენოთ მთელ საზოგადოებას. ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და საინტერესო სიახლეებით დატვირთულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ,” – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორმა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, ასევე კულტურული, სპორტული აქტივობებისა და უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავის მხრივ, მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებმა დაათვალიერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორიები.