კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლების – კარდენახისა და კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, სოფლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის, ქალაქ გურჯაანში 9 აპრილის ქუჩისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაზე, სოფელ კარდენახში მელიორაციის გაუმჯობესებაზე, ხოლო სოფელ კაჭრეთში – წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი თუშიშვილი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.