23 მაისს, თელავის მეფე ერეკლე II-ის მოედანზე, რიგით მეხუთედ გაიმართა „თელავის ისტორიული და კლასიკური ავტო-მოტო ფესტივალი – 2026.”
ღონისძიება გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ მხარდაჭერით, „საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციისა“ და „Porsche Club Georgia-ს” ორგანიზებით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ისტორიული და კლასიკური ავტომობილები, მოტოციკლები, სუპერქარები, პროექტის ტიპის ავტომობილები, თვითნაკეთი ვერტმფრენები და სხვადასხვა უნიკალური საგამოფენო სატრანსპორტო საშუალება. დამთვალიერებლებისთვის მთელი დღის განმავლობაში მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები. ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს აფორმებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დააჯილდოვეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ყარაულაშვილმა, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლომაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
აღსანიშნავია, რომ „თელავის ისტორიული და კლასიკური ავტო-მოტო ფესტივალი“ უკვე ტრადიციულ ღონისძიებად იქცა და ყოველწლიურად აერთიანებს ავტო-მოტოსპორტის, კლასიკური ავტომობილებისა და ექსტრემალური ტექნიკის მოყვარულებს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი დაფუძნებულია თელაველი ოთარ ოთარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად.