საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და თვითმყოფადობა განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიმპოზიუმის მონაწილეებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცა და ქვეყანაში სულიერების გაძლიერებაში ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი. ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობასა და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას საფუძვლად დაედო უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები. სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს. ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიმპოზიუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება ღირებულ წვლილს შეიტანს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების განმტკიცების საქმეში.
საერთაშორისო სიმპოზიუმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი.
სიმპოზიუმის გახსნას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, წმინდა სინოდი, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაციები დაესწრნენ.