სიღნაღში სახალხო დღესასწაული „სიღნაღობა 2026“ გაიმართა

ქალაქ სიღნაღში, სახალხო დღესასწაული ,,სიღნაღობა 2026“ გაიმართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიღნაღის მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების გასტრონომიული კუთხე. ჩატარდა ღვინის დეგუსტაცია, ასევე გაიმართა ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინოების გამოფენა – გაყიდვა.
ფესტივალზე მოსული სტუმრებისთვის ჩატარდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
ტრადიციული სახალხო დღესასწაულის მიზანს წარმოადგენს ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ქართული, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის, ისევე როგორც, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.
ფესტივალს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები – გიორგი ბენაშვილი, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.