თელავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლებისა და კატების) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცხოველების მეპატრონეებმა 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყონ მათი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით.
კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა ითვალისწინებს შემდეგ ჯარიმებს:
  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა – 1 500 ლარი;
  • ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა – 500 ლარი;
  • სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა – 1 500 ლარი;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე ცხოველის გამრავლება – 3 000 ლარი.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს უფასო სახელმწიფო პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და ვაქცინაციას, ძუ ძაღლების სტერილიზაციას, ასევე უპატრონო და მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაცია/კასტრაციასა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
პროგრამას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ყველა პროცედურა ტარდება ლიცენზირებული და გამოცდილი ვეტერინარების მიერ, უსაფრთხო მეთოდების გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში ჩასართავად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 574 01 59 70.