თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ყარაულაშვილმა, პირველკლასელებთან ერთად, პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გამწვანების ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ტერიტორიებზე ჯამში 702 ნერგი დაირგო. მათ შორისაა კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კვიპაროსი, კოლხური ბზა, ელდარის ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანია, ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.