გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში სატყეო რეფორმა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. მეამაყება, რომ თქვენთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ უპრეცედენტო და ყოვლისმომცველ ცვლილებებს, რომელთა მსგავსი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის საქმე არა მხოლოდ ტყის, არამედ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავლისთვის. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქართველოს ტყეებზე – ტყის მცველების, მეტყევეების, სპეციალისტებისა და მეცნიერების. მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს შესაძლებლობა მაქვს, დავაჯილდოვო ტყის სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის სატყეო სფეროს განვითარებაში. თქვენი სახით ტყეს საიმედო პატრონი ჰყავს, ხოლო თქვენ, სამინისტროს სახით, ღირსეული პარტნიორი და ქომაგი“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლების განმავლობაში ტყის სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიენიჭათ და სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.