მწერალს და პოეტს ეკა ოთარაშვილს ქართულმა საზოგადოებამ “ეკა ქართველი” უწოდა

ემიგრაციიდან დაბრუნებული ეკა ოთარაშვილი გარდა თელავისა, მიიწვიეს თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში, სადაც კულტურული ხასიათის საღამოებმა გულგრილი არავინ დატოვა ეკას პიროვნებისა და მისი შემოქმედების მიმართ.

ქუთაისში, ეკა ოთარაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ახალგაზრდობის პარკის “ლიტერატურულ სარდაფში”, სადაც საღამოს ორგანიზატორები იყვნენ გიზო თავაძე და ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯის” წევრები: დალი ჯორბენაძე და ნანა კვაშილავა.

„ცხოვრება საოცრებებითაა სავსე, რომელსაც საოცარი ადამიანები ქმნიან. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ ბატონი გიზო თავაძე, რომელმაც მიმიწვია ქალაქ ქუთაისში ლიტერატურულ სარდაფში, სადაც შედგა ჩემი წიგნის პრეზენტაცია. მადლობა ასევე ქუთაისის ტელევიზიას. მადლობა კრიტიკოს ქალბატონ ბელას, პოეტ დათო ბუაძეს და ყველა იქ დამსწრე საზოგადოებას. საღამოს დასასრულს შედგა ჩემი ,,ნათლობა” და ქუთაისელმა მსმენელმა დამანათლა სახელი ,,ეკა ქართველი”.  მადლობა ჩემს მეგობრებს დალი ჯორბენაძეს და ნანა კვაშილავას, რომლებმაც ჩემს გარეშე დაგეგმეს ჩემი საღამო ბატონ გიზოსთან ერთად. მეგობრობა დიდი ძალაა… მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, – ამბობს ეკა ოთარაშვილი.

2024 წლის 4 მარტს, ეკა ოთარაშვილი ესტუმრა თბილსს და მწერალთა კავშირში ჩაატარა პოეზიის საღამო.

„საღამო შედგა და იმხელა ემოცია და სიამაყის გრძნობა დაგვირჩინა იქ, იმ დარბაზში მსხდომთ რომ, სიტყვით ვერ ავღწერ. ხელოვანი ემიგრანტის ძახილი თუ შეძახილი ხომ იმ სამწუხარო რეალობის სულ სხვა ჭრილში დანახული თეორემაა რომელსაც მტკიცება და განმტკიცება სჭირდება. არავის არ ძალუძს თავისი სულის ფსკერი ისე გადაჩხრიკოს და შეიცნოს, როგორც ეს ემიგრანტს ხელეწიფება. სწორედ ამიტომ მოევლინა დღეს ქართულ თანამედროვე ლიტერატურას ამდენი ნიჭიერი ემიგრანტი პოეტი და პროზაიკოსი. ბევრისგან გამიგონია – ვისაც არ ეზარება, ყველამ კალამს მოკიდა ხელიო. მერე და რა მოხდა ბატონებო თუკი ყველას ხელეწიფება გამოავლინოს თავისი ინტელექტუალურ-წარმოსახვითი გულ-გონიერება.
რაც უფრო მეტი მოაზროვნე (სწორად მოაზროვნე) ეყოლება ერს , უფრო არ “აილესება ” ეროვნული მრწამსი და სულისკვეთება?

ეს იმდენად ღრმა და ამოუწურავი თემაა, აღარ მინდა ღრმად შევტოპო. მოდით მივულოცოთ ჩვენს საამაყო ქალბატონს შემდგარი პრეზენტაცია და
ულევი წარმატება და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვოთ იქაც, იმ უცხო მიწაზეც და აქაც თვისტომეულთა გულებში“, – აღნიშნა ნინო ზათიაშვილმა.

“მიხარია, რომ დავითის ქალაქში ერეკლეს ქალაქელი პოეტის სიტყვამ გაიბუბუნა და ქუთაისმაც თქვენ მოგნათლათ-ეკა ქართველად.. 
გვიხარია თქვენი ადამიანობა.. ნიჭი, გემოვნება, აფრებად აშლილი ფიქრები და სიყვარული-მამულისა!!!“– ამბობს შალვა კამლაძე ეკა ოთარაშვილზე.