დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა თელავში. მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლის საბაზო საფეხური წარმატებით, ყველა საგანში უმაღლესი შეფასებით დაასრულეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ლეპტოპები, ხოლო, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ უსადენო ყურსასმენები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება სკოლის მოსწავლეებს თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, მიულოცეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარი რომანიშვილმა.
„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მატულობს წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა. ეს ფაქტი მიუთითებს მოტივირებული, მიზანდასახული, ძლიერი და წარმატებული ახალგაზრდების სიმრავლეზე, რაც ჩვენი ქალაქის, სოფლების, მუნიციპალიტეტის, ქვეყნის იმედი, წარმატებული მომავლისა და მშვიდობიანად განვითარების გარანტია.
მადლობას ვუხდი თქვენ პედაგოგებს, სკოლის დირექტორებსა და მშობლებს შრომისა და ხელშეწყობისთვის.
მასწავლებლებს გისურვებთ, ყოველ წელს გეამაყოთ თქვენი წარჩინებული მოსწავლეების სიმრავლითა და მიღწევებით,“– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.