თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მიიღეს მონაწილეობა.
კახეთის მხარეში სახელმლწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანია რეგიონებში სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება, რეგიონული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და უნივერსიტეტებს, სკოლებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ღია სივრცეში მოწყობილ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნენ, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტებმა, კოლეჯებმა, სკოლებმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, უნივერსიტეტების რექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დაჯილდოვდნენ.