საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას.
ღონისძიებებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მათი შრომის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.