ხელისუფლების წარმომადგენლები შატო ზეგაანის საერთაშორისო ველოშეჯიბრს დაესწრნენ.

ღვინის კომპანიის „შატო ზეგაანის“ ინიციატივით, კახეთში, იმართება საერთაშორისო ველოშეჯიბრი, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი სხვადასხვა ქვეყნიდან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ველოშეჯიბრს დაესწრნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
შეჯიბრის მიზანია ველოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია სპორტული აქტივობის გზით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა ფართოდ არის დანერგილი ევროპის წამყვან ღვინის რეგიონებში.
„ველოტურიზმი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და ახალგაზრდების ჩართულობისთვის. კახეთი, თავისი უნიკალური ბუნებითა და ღვინის კულტურით, უდავოდ იმსახურებს გახდეს საერთაშორისო სპორტული დანიშნულების ცენტრი,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ველოსიპედის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის სტენდები, მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ღვინის ჩამოსხმის პროცესში და გაცნობოდნენ რეგიონში ეკომეგობრული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.
ველოშეჯიბრი ხვალ გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება, სადაც ორი დღის საერთო დროის მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო ველომრბოლელი.
შატო ზეგაანის საერთაშორისო ველოშეჯიბრი მიზნად ისახავს საქართველოს ველოსპორტისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციას და ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.