ლაგოდეხში, უხვი ნალექისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგებს, გიორგი ალადაშვილი გაეცნო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექისგან გამოწვეულ პრობლემებს და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია.
დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, საცხოვრებელი სახლები.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა სოფლების – ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება სტიქიის პირველივე წუთებიდან მყისიერად დაიწყო.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მდინარეები ადიდებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.