ვის ინტერესებშია და რატომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწოდოს რუსული?!

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრით სპეკულირება. ოპოზიციური პარტიები აღნიშნულ კანონს მოიხსენიებენ რუსულ კანონად. გთავაზობთ არგუმენტებს, რაც ამ აზრის მხარდამჭერ ადამიანებს აქვთ:

-საქართველოში ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს;

-მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს;

-მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას;

-მეგობრების გარეშე, დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ.

ალბათ ცოტამ თუ იცის რა წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში. სიტყვა „გამჭვირვალობა“ უკვე ცხადყოფს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უფლებაზე, იცოდეს თუ ვის მიერ ფინანსდება საქართველოში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისმის ლოგიკური კითხვა: რა არის ცუდი იმაში, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია „ინვესტორების“ შესახებ? გამჭვირვალობა ხომ ის ღირებულებაა, რომლისკენაც სწორედ ევროპა და დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნები მოგვიწოდებს?

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველ მუხლში, რომელიც კანონის მიზანსა და მოქმედების სფეროს აღწერს ცხადად წერია:

-ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და უცხოური გავლენის აგენტის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

-მხოლოდ, საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;

-ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;

-ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტს. უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.

-მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.

კანონის ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:

ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;

ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;

გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

კანონის მესამე მუხლის თანახმად, უცხოური ძალა არის:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

როგორც ვხედავთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროპულია, რადგან:

-ანალოგიური კანონი ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში ასევე მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ა.შ.

-კანონი არავის აცხადებს მტრად! მეტიც, კანონში არც ერთი ქვეყანა არ არის მითითებული. მისი ერთადერთი მიზანია არასამთავრობოების და მედიასაშუალებების ფინანსების გამჭვირვალობა. (წელიწადში ერთხელ უნდა შეავსონ დეკლარაცია)

-ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს ანალოგიურ კანონს, რომელიც უკვე დაინიცირებულია ევროპარლამენტში ევროკომისიის მიერ.

-კანონი ამყარებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს!

პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უწოდებენ აღნიშნულ კანონს რუსულს, ვინ უწოდებს და რა ინტერესების გამო შეგიძლიათ თავადაც იპოვოთ, ამისთვის კი საკმარისია კანონპროექტის წაკითხვა და მისი ანალიზი.