6 – 7 ოქტომბერს თელავში “ერეკლეობის” ღონისძიებაზე საპატიო თელაველები დააჯილდოვეს

6 – 7 ოქტომბერს, თელავში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 306-ე წლისთავთან დაკავშირებით „ერეკლეობა“ საზეიმოდ აღინიშნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ორი დღის განმავლობაში თელავმა უმასპინძლა მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო, ლიტერატურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს.
სადღესასწაულო დღეები მეფე ერეკლე II-ის ხსოვნის პატივის მიგებით დაიწყო. თელავის სასახლის ტერიტორიაზე, მეფის კარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, წირვა ჩატარდა, ხოლო მეფე ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა.
დღესასწაულის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო საგამოფენო სივრცეები და პავილიონები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ასევე გაიმართა:
„წიგნის ფესტივალი თელავში;“
ლიტერატურული ახალგაზრდული კონკურსი „მე ვარ ავი მუსაიფი;“
ხატვის კონკურსი „მეფის ქალაქი;“
კრებულის „არქეოლოგიური კვლევა-ძიება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025 წელს“ პრეზენტაცია.
სასახლის საელჩო დარბაზში ერეკლე II-ის სახელობის ორდენით დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
ისტორიკოსმა იოსებ ბიჭიკაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა წიგნის, „მეფე ერეკლე“ II ტომი.
„ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე საპატიო თელაველები დააჯილდოვეს.
თელავის საპატიო მოქალაქის წოდება, გრავირებული სიგელები და მედლები გადაეცათ:
ზაქარია კოლელიშვილს – ქართულ თეატრსა და კინოში, მათ შორის, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ცარო შაშიაშვილს – თელავის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ნელი კევლიშვილს – თელავის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
გივი ბახბახაშვილს – თელავის მუნიციპალიტეტის სპორტის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ლუდმილა სხულუხიას – თელავის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური სიჯანსაღისა და კეთილმოწყობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
„ერეკლეობის“ საზეიმო პროგრამა გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი და სოლისტები.