დღეს, თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგს ზეინაბ კაკალაშვილს, თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან, მარიამ რომანიშვილთან და თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლია ლეშკაშელთან ერთად შეხვდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელაველ პედაგოგს მიულოცა მიღწეული წარმატება.
ქალბატონი ზეინაბ კაკალაშვილი, უკვე 34 წელია რაც პედაგოგია. ის თელავის N5 საჯარო სკოლაში ასწავლის „მე და საზოგადოებას“ და სამოქალაქო განათლებას. პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი, 2024 წლის გლობალური მასწავლებლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.
წელს, ინდოეთში გამართულ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობას იღებდა 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელი, სადაც გამარჯვებული გახდა მხოლოდ 10 ქვეყნის 50 მასწავლებელი.