დღეს, თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც მეორმოცე საიუბილეო წელს აღნიშნავს. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტები – სვეტლინ რუსევი და ანდრეა ლუკეზინი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით წარდგნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, უკვე ტრადიციად ქცეულ მოვლენას წარმოადგენს და იგი თელავის კულტურულ ცხოვრებასა და წლის კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეული სადღესასწაულო მოვლენაა. მუსიკის საერთაშორისო კვირეულის პერიოდში, თელავი რეგიონის მუსიკალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი ხდება.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებლები და მხარდამჭერები არიან: ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი და ედუარდ ბრუნერი, რომლებიც თელავის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ.