თელავმა კახეთის რეგიონის მასშტაბით შშმ და სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა

14 ივნისს, თელავში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ასევე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დასაქმების ფორუმი.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი კომპანია, რომელთაც ამ დროისთვის აქვთ აქტიური ვაკანსიები კახეთის რეგიონის მასშტაბით.

დღეს, თელავში გამართულ დასაქმების ფორუმს ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ 14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდება შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმების ფორუმის პარალელურად, გაიმართა ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და  პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

დასაქმების ფორუმზე დასწრება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ მსურველს.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მოქალაქეთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი სახის ფორუმებს ყოველთვიურად მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შემდეგი ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია ივნისის თვეში, რომელსაც უმასპინძლებს აჭარა.