დღეს, 1 ივნისს, ერთდროულად აღინიშნა ორი მნიშვნელოვანი თარიღი – ლეგენდარული სპორტსმენის, ქართული ხელბურთის პიონერის თამაზ ანთაძის (ფარჩოს) 90 წლის იუბილე და ბავშვთა საერთაშორისო დღე.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თამაზ ანთიძის სახელობის თელავის სპორტის დარბაზში გაიმართა ხელბურთის ფესტივალი, რომელსაც პატარებიც და დიდებიც შეუერთდნენ დიდი ენთუზიაზმით. ხელბურთის ფედერაციის და თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო ბატონი თამაზის ხსოვნას და ბავშვებს უსურვა ბედნიერი დღე.
თამაზ ანთაძე იყო ადამიანი, რომელმაც ქართულ ხელბურთს საფუძველი ჩაუყარა და მთელი ცხოვრება სპორტს მიუძღვნა – როგორც მოთამაშე, როგორც მწვრთნელი და როგორც უდიდესი მოტივატორი მომავალი თაობებისთვის. მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა კახეთში სპორტის განვითარება და ტრადიციების შექმნა.