დეკრეტული შვებულება 2000 ლარით ანაზღაურდება.

დღეს, 23 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე განისაზღვრა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, რომელიც 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან ერთად, მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

აღნიშნული დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო და/ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსში“ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა.