თელავში მცხოვრები მხატვარი, ირა ხეცოიძე წარმოშობით თუშია. სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში შეხვდებით მთის კულტურას და ტრადიციას. ირა ხეცოიძე არის საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი და აგრეთვე მუშაობს ხატვის მასწავლებლად. ჩვენთან საუბარში ირა ხეცოიძე აღნიშნავს, რომ ხშირად იღებს მონაწილეობას როგოც პერსონალურ, ასევე ჯგუფურ და საერთაშორისო ვირტულაურ გამოფენებში. შედეგად, მხატვარს მოპოვებული აქვს სერთიფიკატი. მისი ნახატები შესულია კერძო კოლექციებში და კატალოგებში.
„ ხატვა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ სულ ვხატავდი. ერთი დღისთვის ხშირად არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი კოლოფი ფანქრები. სკოლაშიც გამორჩეული ვიყავი ჩემი ხატვით და განსაკუთრებული კალიგრაფიით მუდამ ყურადღების ცენტრში ვიყავი. თითქმის მთელი სკოლის ოთახები და კაბინეტები ჩემი გაფორმებული იყო. ჯერ კიდევ მაშინ ვიღებდი მონაწილეობას სასკოლო გამოფენებში. ვხატავ ფანქარში, ზეთში და აკრილში.
ნახატების ძირითად თემატიკას წარმოადგენს პეიზაჟები, ნატურმორტები. დახატული მაქვს რამდენიმე აბსტრაქციაც. ძალიან მიყვარს სწრაფი ჩანახატების გაკეთება.
ჩემთვის ხატვა გულიდან და სულიდან მოდის და ძალიან მიჭირს ჩემს ნახატთან გამოთხოვება, როდესაც მის შეძენას აპირებენ. წინასწარ არასდროს არ ვიცი რას დავხატავ. ტილოსთან რომ მივალ თავისთავად ხდება ყველაფერი. წამებში და წუთებში იქმნება მონახაზი და მერე ნელნელა სრულდება. ზოგიერთ ტილოს ერთი დღე, ზოგს კი კვირა ან თვეები სჭირდება დასასრულებლად.“- განაცხადა ირა ხეცოძემ.
ირა ხეცოიძის ინფორმაციით შეკვეთებს სკოლის ასაკშივე იღებდა და სწავლის გაგრძელებაც სხვა მიმართულებით აღარ უფიქრია. საყვარელი საქმე იქცა ძირითად პროფესიად.
„სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თბილისში, მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში. შევარჩიე მეხალიჩის პროფესია (წარმოშობით თუში ვარ და ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვიყავი თუშური ხელსაქმით და კარგადაც ვქსოვდი). სწავლა დავამთარე 1991 წელს. ამ დროს საქართველოში ძალიან რთული დრო დადგა და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი.
ამავე წელს დავოჯახდი და წავედით სოფელში საცხოვრებლად. უმუშევრობის წლების მიუხედავად, არ გავჩერებულვარ. მატყლს ვამუშავებდი, ვღებავდი ბუნებრივ საღებავებში, ვქსოვდი; ვქარგავდი გვიან ღამემდე ლამფის შუქზე (ალბათ ყველას ახსოვს 90-იანების პერიოდი). ჩამქონდა თბილისში, მაღაზიებში ვახდენდი ნამუშევრების რეალიზაციას. ეს იყო ჩემი სამსახური და შემოსავლის წყარო წლების განმავლობაში. 30 წელია ამ საქმეში ვარ ჩართული. დღეს მეტად არის დაფასებული ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთები.“- ირა ხეცოიძე
გარდა ხატვისა, ირა ხეცოძე არის თექის დამუშავების სპეციალისტი, ასევე მუშაობს მინანქარზე და ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს, ჩანთებს, ფარდაგებს.
„ამ წლების განმავლობაში სულ რამდენჯერმე ავიღე ხელში ფუნჯი და ფანქარი. ამის დრო არ მქონდა. შევისწავლე თექის დამუშავება და მინანქარზე მუშაობა. თექისთვის და ფარდაგ ნაქარგებისთვის ესკიზებს და ჩანახატებს ვაკეთებდი. მიყვარს ორიგინალური ნამუშევრები და სიახლეები.
3 წელია რაც ხატვა განვაახლე. ალბათ პანდემიამაც იმოქმედა (ზოგი ჭირი მარგებელიაო), ძველი გაქვავებული საღებავები ამოვიღე დავამუშავე და დავიწყე გასართობად ჩანახატების კეთება. რამდენიმე ინტერნეტში ჩემს გვერდზე დავდე. (ისე უბრალოდ). პირველი ნახატის მყიდველი რომ გამოჩნდა არ მჯეროდა. გავყიდე და შედარებით უკეთესი საღებავები შევიძინე. ნელ-ნელა წამოვიდა შეკვეთებიც. დღეს დღეობით, უკვე კარგი ხარისხის პროფესიონალური ზეთებით ვმუშაობ.“- ამბობს შემოქმედი.
ირა ხეცოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ხატვასთან და ხელსაქმესთან ერთად ძალიან უყვარს ბუნება, მცენარეები და ყვავილები.
„უკვე 7 წელია ვმუშაობ თელავის კულტურისა და დასვენების პარკ– ნადიკვრის დეკორატორად. შემიძლია მცენარეებით შევქმნა ულამაზესი ლანშაფტის დიზაინი. ასევე ჩემი ჰობია მცენარეებით სხვადასხვა ფიგურების გამოყვანა (ტოპიარია).“ – განაცხადა ირა ხეცოიძემ.