მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა კახეთის რეგიონში.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით წარუდგინეს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები.
მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტებში გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკა – მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი, აგრეთვე, კახეთისთვის დამახასიათებელი ძლიერი აგროსექტორი და განვითარებადი ტურიზმის სექტორი.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს, აგროტურიზმის განვითარებას, ღვინის ტურისტული მარშრუტების გაფართოებას, ასევე ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების გაძლიერებას, რაც ქმნის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობებს თითოეული მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად.
მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები ორიენტირებულია კომპლექსური და თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფაზე და მოიცავს, როგორც ეკონომიკის გაძლიერებასა და მის დივერსიფიკაციას, ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას, აგრეთვე, სატრანსპორტო და მუნიციპალური სერვისების ხარისხის ზრდას.
თითოეული მუნიციპალიტეტის ჭრილში იდენტიფიცირებულია ძირითადი გამოწვევები, მათ შორის, ურბანიზაცია და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი სტრატეგიული პრიორიტეტები, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას, ადგილობრივი საჭიროებებისა და მოქალაქეთა ინტერესების სრულფასოვან გათვალისწინებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას, აგრეთვე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეები – ლევან ზაუტაშვილი, ზურაბ იაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.