ბექა და გოჩა ბიძინაშვილების ანსამბლმა ეთნოგრაფიული სტილი შექმნა და სახელიც შეიცვალა

დღეს, წინანდლის კულტურის სახლში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის  ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ძმებმა ბექა და გოჩა ბიძინაშვილებმა წარადგინეს ეთნოგრაფიული ანსამბლის პრეზენტაცია. 2000 წელს ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ანსამბლი “პატარა კახი,” რომელმაც შეიცვალა ტიპი და სახელწოდება. ბექა და გოჩა ბიძინაშვილების ინიციატივით და იდეით, იგი ამიერიდან საზოგადოებაში დამკვიდრდება როგორც “თელავის ფირუზ მახათელაშვილის  სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულო.”
ლოტბარის და ეთნო მუსიკოლოგის ბექა ბიძინაშვილის თქმით, ანსამბლისთვის ეთნოგრაფიული სტილის შქმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია უკავშირდება იმას, რომ თელავში, 100 წლის წინ, პირველი ეთნოგრაფიული გუნდი შეიქმნა, ხოლო საქმე, რომელსაც ანსამბლი ემსახურება სწორედ ტრადიციასთან უწყვეტ კავშირს ქმნის. დღეიდან ანსამბლი სასცენო სიმღერების გარდა, მსმენელს შესთავაზებს ყოფითი სიტუაციების (ყანის მკის, ღვინის დაყენების) სიმღერებს.
pr-mc.ge სთან საუბარში ბექა ბიძინაშვილმა დააანონსა, რომ 100 წლის საიუბილეო თარიღს, ამჯერად უკვე “თელავის ფირუზ მახათელაშვილის  სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულო,” აღნიშნავს შემოდგომის სეზონზე.