წინანდალში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლითი სხდომის ფარგლებში, ენერგეტიკული ფორუმი გამართა. გასვლით სხდომას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
ფორუმზე იმსჯელეს ენერგოდამოუკიდებლობის აქტთან დაკავშირებით, რომელიც ახლო მომავალში კანონპროექტის სახით შევა პარლამენტში განსახილველად.
კომიტეტს დოკუმენტი წარუდგინა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა ელენე ღუბიანურმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტს წარმოადგენს.
“ქვეყნის ეკონომიკის ხანგრძლივი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა შეუძლებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე, ამიტომ ამ დოკუმენტით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომლებიც ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ და წარმოადგენენ ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს. კანონპროექტის მიზანია ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის. ასევე, ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების და მოქალაქეთა კეთილდღეობის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა,” – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის განხილვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.