“წერა ჩემთვის არის ის ჟანგბადი, რომელიც ყველაზე რთულ დროს მეხმარება,”-ფიქრია ყუშიტაშვილი

დღეს, თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა თელავის მუნიციპილიტეტის მერის მოადგილის ქ/ნ ფიქრია ყუშიტაშვილის წიგნების პრეზენტაცია.

ფიქრია ყუშიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ნამუშევრები და თითოეული მათგანის შექმნის უჩვეულო ისტორიებზე ისაუბრა. მკითხველებმა ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის წიგნები, რომლებიც, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, რადგან წინ დიდი სიამოვნება ელოდება მკითხველს.

“ანგელოზები სასეირონდ გამოვიდნენ,” “თუთიყუშ ბენოს თავგადასავალი ანუ ზღაპარი ყველასთვის” და “ჩვენებური ამბები,” ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც მკითხველს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს ავტორთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ თითოეული წიგნის ეგზემპლარი ბიბლიოთეკის ყველა ფილიალში იქნება განთავსებული.

ფიქრია ყუშიტაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა საბიბლიოთეკო გაერთიანებას და აღნიშნა, რომ წერა მისთვის სულ სხვა სამყაროა, სადაც ყველაფრით დაღლილს, დასვენება შეუძლია.

„მწერლობა ჩემთვის არის ჩემი ცხოვრების ერთგვარი პარალელური განზომილება. წერა ხშირად არის ის ჟანგბადი, რომელიც მეხმარება ყველაზე უფრო რთული სიძნელეების და გამოწვევების ჟამს.. წერის დროს ისეთი განცდა მეუფლება თითქოს გამოქვაბულს მივაშურე და თავი შევაფარე.  წერა ჩემთვის არის ყოველდღიური რუტინისგან ამოსუნთქვის, ძალების მოკრების საშუალება. შემდეგ კი.. კვლავ ვუბრუნდები ყოფიერებას და ყოველდღიურობას. წერა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე არ ვუწოდებ ჩემ თავს მწერალს, მე უფრო ალბათ ვარ მოყვარული ავტორი, რომელსაც უყვარს და უხარია წერის პროცესი და თუ თავისი ნაწერებით სხვებსაც გაუჩენს სურვილს, რომ როგორც ავტორს, მიუბრუნდეს, წაიკითხოს მისი ნაწერები ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

რაც შეეხება დღევენდელ დღეს, მინდა მდლობა ვუთხრა საბიბლიოთეკო გაერთიანებას, ქალბატონ ანა იორდანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივა იყო რომ დღეს, აი ამ განახლებულ დარბაზში ძალიან სერიოზული და კომპეტენტური აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ჩემი სამი წიგნი. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ წლევანდელი წლის ნაშრომი, აქ არის წარმოდგენილი ორი წლის ნამუშევარი, ბეჭდური პროდუქცია, რომლის დასტამბვის უნიკალური შანსი მომცა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ,“ კერძოდ არის იქ არაჩვეულებრივი სსიპ „შემოქმედებითი საქართველო,“ რომელიც აცხადებს კონკურსებს ბეჭდურ პროდუქციაზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმარჯვა ჩემმა პროექტებმა და წიგნებმა დღის სინათლე იხილა. ორი წიგნი არის საბავშვო, ერთი მათგანი მოთხრობების კრებულის, ხოლო მეორე საბავშვო პიესის სახითაა წარმოდგენილი. დიდებისთვის განკუთვნილი წიგნი კი არის პიესების კრებული, რომელშიც არის შესული არაერთი წლის ნამუშევარი რვა პიესა, მათ შორის რამდენიმე  სერიოზული პროფესიული კონკურსების გამარჯვებულია. ერთი მათგანი დაიდგა მესხეთის თეატრში, რეჟისორ კახა გოგიძის მიერ და მადლობა მას ამისათვის,“ – განაცხადა ფიქია ყუშიტაშვილმა.

ფიქრია ყუშიტაშვილის შემოქმედებით საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ დამსწრე საზოგადოების ის წევრები, რომლებიც უკვე გაეცნენ მის შემოქმედებას და თავიანთი განსაკუთრებული ემოციური შთაბეჭდილებები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან, მათ შორის, მწერლებისგან შედგებოდა.