შალვა გოგოლაძე კახეთის რეგიონის სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე ადგილზე გაეცნო კახეთის რეგიონის სპორტულ ინფრასტრუქტურას.
შალვა გოგოლაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის უკეთ გასაცნობად თელავშიც იმყოფებოდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შალვა გოგოლაძემ თელავში მოინახულა: კორტები, ჭიდაობისა და კრივის დარბაზი, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ახალაშენებული სპორტული მოედანი და თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული სკოლა.
მინისტრის მოადგილემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან მოისმინა ის, თუ რა არის საჭირო დღევანდელ რეალობაში სპორტის განვითარებისთვის კახეთის რეგიონში. გარდა ამისა, იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმა ახალი პროექტებიც.
როგორც შალვა გოგოლაძემ განაცხადა, კახეთში მოქმედი სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში მიიღებენ ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას.