26 მაისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღეს, საზეიმო ღონისძიებები იმართება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში.
ქალაქები მორთულია სახელმწიფო დროშებით. წელს, 26 მაისის მთავარი გზავნილია „ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით თელავში, ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე, მინისტრის მოადგილეები ნოდარ პაპუკაშვილი და გელა გელაძე ადგილობრივებთან ერთად ესწრებიან.
„წელს, 26 მაისის მთავარი გზავნილია „ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს“. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის. კახეთიდან გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გელოდებით ყველას, თელავში, ერთად ვიზეიმოთ დღე, რომელიც ჩვენია!“– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმართება პროგრამების პრეზენტაციები და მასტერკლასები. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოსინჯოს ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: კულინარი, მემინანქრე, თექის ოსტატი და სხვა.
დღის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ცნობილი ქართველი ბენდის კონცერტით დაიხურება.