“ყველა პროექტი ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებს უნდა ერგებოდეს”- ლევან ანდრიაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი იმ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ადგილზე მოესმინა ის საჭიროებები, რაც ადგილობრივებს აქვთ.

მერიის ცნობით, თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უახლოეს დღეებში ასფალტის მეორე ფენა ევდოშვილისა და რობაქიძის ქუჩებზე დაეგება. აღნიშნულ მისამართებზე ამ დროისთვის გზის ფეხით სავალი ნაწილისა და ბორდიურების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია დაიწყო ლესელიძის ქუჩაზეც, სადაც ამჯერად გზის მოასფალტებამდე საჭირო სამუშაოები ტარდება.

აქტიური სამუშაო პროცესია რუსთაველის გამზირის საცხოვრებელ კორპუსებთან, სადაც ჯამში ცხრამეტი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელსა და ეზოს უტარდება რეაბილიტაცია.

მოვინახულე ის ქუჩები, სადაც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გავეცანი კონტრაქტორი კომპანიების მუშაობის სპეციფიკას და მოვისმინე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, რადგან ჩვენი მიზანია, ყველა განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტი მოვარგოთ  მოსახლეობის ინტერესებს“, – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.

ლევან ანდრიაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურის ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობასთან სასაუბროდ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებსა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.