დღეს, 9 მაისს, საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც თელავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია და ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი. ლევან ანდრიაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა სამამულო ომის ვეტერანებს, ხოლო დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“მინდა დღევანდელი დღე მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენ გმირ ვეტერანებს. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო სამამულო ომში და შეუფასებელია ქართველთა როლი. ქედს ვიხრი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე, რომლებიც შეეწირნენ ამ იდეას რასაც დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხება ერქვა”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა, დღევანდელი დღე მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს მიულოცა.
“ფაშიზმზე გამარჯვებაში ჩვენი ქვეყნის როლი შეუფასებელია. 79 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც პატარა, მაგრამ თავისუფლების საოცრად მოყვარულმა ქართველმა ერმა 300 000 გმირი შესწირა უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვებას. ქედს ვიხრი ჩვენი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ. ამავე დროს თელავის მუნუციპალიტეტის საკრებულოს სახელით ფაშიზმზე გამარჯვების დღე დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს და მადლობა გადავუხადო მათ თავდადებისა და გმირობისთვის“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.