საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს საგარეჯოში მომხდარი ფაქტის გამო და მოუწოდებს მედია საშუალებებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრიმინალის გაშუქებას.
ქარტიის განცხადებით, მედია პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს და გაშუქების დროს მხოლოდ ფაქტებით იხელმძღვანელოს.
ქარტიის საბჭო ასევე მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მაღალი საჯარო ინტერესის გარეშე თავი შეიკავონ მძიმე ვიზუალური კადრების შემცველი მასალის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღუპულ და დაჭრილ მოქალაქეთა ახლობლების რეტრამვირება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20 იანვარს, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან პირმა რამდენჯერმე გაისროლა, რასაც 4 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაჭრილია.
ამავე პირმა ცეცხლი გაუხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე გამოძახებულ თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ–ერთი დაიღუპა. შსს-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.