“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!
მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს!
ყველას მინდა წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!
საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს.
საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!
2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ.
არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.
ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.
მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“. უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც.
როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად მქონდა შესრულებული. ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მედია-მონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მიღწევები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად.
2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა.
საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა, სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ – ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე.
„ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს.
დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
შეიძლება დაისვას კითხვა – რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შექმნოდა.
წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.
ასევე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩვენების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.
როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.
ამიტომ, ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია.
ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება.
საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა.
ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით.
საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს.
არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!
ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.
გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის.
ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე.
თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ.
კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ მხნეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს!” – ბიძინა ივანიშვილი.