თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის დამაარსებელს, სერგო ასლანიშვილს 100 წლის იუბილე შეუსრულდა, რის გამოც სამხატვრო სკოლამ 2024 წელი სერგო ასლანიშვილის წლად გამოაცხადა.
სერგო ასალანიშვილი დაიბადა 1924 წლის 19 თებერვალს. ხატვის ნიჭი და ზოგადად ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული სკოლის მერხიდან დაიწყო. მშობლებმა პედაგოგების რჩევით მიიღეს გადაწყვეტილება და შეიყვანეს სამხატვრო ტექნიკუმში, რომელსაც დროთა განმავლობაში ნ. ნიკოლაძის სახელი მიენიჭა.
1944 წელს დაამთავრა სამხატვრო ტექნიკუმი და წარმატებით ჩაირიცხა ფერწერის ფაკულტეტზე სამხატვრო აკადემიაში. მას ფერების ოსტატს უწოდებდნენ.
სწავლის დასრულების შემდეგ, სერგო ასლანიშვილი მშობლიურ ქალაქში, თელავში დაბრუნდა. კულტურის სახლში გაიხსნა სახვითი ხელოვნების წრე, რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა. მის ბაზაზე 1962 წელს მედეა მეზვრიშვილის დახმარებით დაფუძნდა სამხატვრო სკოლა. შემდგომ წლებში მიენიჭა ელენე ახვლედიანის სახელი.
სერგო ასლანიშვილმა მიაღწია იმდენს, რომ შენობა გამოეყოთ სამხატვრო სკოლისთვის, „ბევრი ბრძოლა დამჭირდა შენობის შესანარჩუნებლად“, ამბობდა ბატონი სერგო. მისი ცნობილი ნამუშევრებია: „ა. ჭავჭავაძის“ (1953), „ე. ჭავჭავაძის“ (1954) პორტრეტები „გრიბოედოვის სტუმრობა ჭავჭავაძის სალონში“ (1995). ხილის ნატურმორტები: “ბატონის წყალი“, ავტოპორტრეტი, „ძველი თბილისი“ და სხვა. სერგო ასლანიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს მხატვართა ფონდში. წინანდლის და თელავის მუზეუმებში.
მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის საქმეში ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის 1984 წელს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. იყო იყალთოს აკადემიის საპატიო მოქალაქე. 2001 წელს მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში მოწყობილ გამოფენაზე, სადაც მისი ყველა ნამუშევარი გაიყიდა. თელავში სტუმრად ჩამოსულმა ფრანგმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მისი საზამთროების ნატურმორტი ზაკ შირაკის კაბინეტს ამშვენებს.
სერგო ასლანიშვილის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მონაცემები შეტანილია წიგნში „ვინ ვინაა“. თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიოგრაფიულ ლექსიკონში. 2003 წელს დაჯილდოვებულია ღირსების მედლით. მიღებული აქვს სიგელები, დიპლომები, მედლები გაწეული შრომისათვის. მის ხელში აღიზარდა უამრავი თაობა.