გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში, ადიდებულია მდინარეები და სოფლის ხევები რის გამოც, სანიაღვრე არხების კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართული დატბორა.
გვიან ღამით, ადგილზე მუშაობა დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. კრიტიკულ ადგილებში, არხებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზდა მძიმე ტექნიკა. გარდა, ამისა მოსახლეობის დასახმარებლად წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო.
“სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დაზარალებულ სოფელში. სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზარალებული ოჯახები ადგილზე მოვინახულე. სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ოჯახების დახმარებას”,– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.