სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თელავში კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა.
უწყების ცნობით, სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერება და ინსტიტუციური გაფართოება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
„ქალაქ თელავში (ერეკლე II-ის გამზირი, №16) ახლად გახსნილი ოფისი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის და ამოცნობის ოთახებით, ტელეხიდის სისტემებით, ბავშვის გარემოზე მორგებული არასრუწლოვნის ოთახით.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელებს საშუალებას მისცემს კახეთის რეგიონში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას ახლად გახსნილ ოფისში შეუდგნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასათანადო მოპყრობის და მისი ქვემდებარე დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების გახსნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გეგმავს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.