სოფელ ვაჩნაძიანში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლის მშენებლობის პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
200 მოსწავლეზე გათვლილ ახალ სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.
სკოლაში განთავსდება სამედიცინო კაბინეტი, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, ასევე, შიდა და გარე სპორტული სივრცეები.
პროექტი ითვალისწინებს მოზარდების საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც უზრუნველყოფს მათ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.