პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება 2024 წლის პირველი მარტიდან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი მოიცავს 8 მთავარ სიახლეს.
1.სარეკლამო შეტყობინებები აღარ გამოიგზავნება წინასწარი თანხმობის გარეშე
სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.
პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
2. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ხდება ვალდებული, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის არსებობა აუცილებელი იქნება შემდეგ დაწესებულებებში:
-საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა);
-სადაზღვევო ორგანიზაცია;
-კომერციული ბანკი;
-მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
-საკრედიტო ბიურო;
-ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
-ავიაკომპანია;
-აეროპორტი.
3. განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის წესი და პირობები
-მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;
-საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით;
-დისტანციური კომუნიკაციისას;
-პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია;
-კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
-მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი ამის შესახებ.
4. ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხროციელების წესი
-ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისათვის მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული ხდება წერილობით განსაზღვროს ვიდეოთვალთვალის მიზანი და მოცულობა, ვიდეოთვალთვალის ხანგრძლივობა და ჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერებზე წვდომის, მათი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.
-სამუშაო ადგილის მიხედვით ყველა დასაქმებული პირი დამატებით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნების შესახებ;
-მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ, თვალსაჩინოდ განთავსებულ გამაფრთხილებელი ნიშანზე დაწეროს მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.
5. განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები
-არასრულწლოვანი პირის მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია თუ მან მიაღწია 16 წლის ასაკს, ხოლო 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის – მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე;
6. დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება
ნებისმიერი ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვალდებულია აღრიცხოს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ყველა ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
7. იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
მონაცემთა დამუშავების არსებულ საფუძვლებს ემატება:
-როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებების შესასრულებლად;
-მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის;
-როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
8. იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები უკანონოდ მუშავდება, არამედ მაშინაც:
-თუ მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
-მონაცემთა სუბიექტი გაითხოვს თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს.
მონაცემთა სუბიექტს ასევე აქვს უფლება ნებისმიერ მონაცემთა დამმუშავებელს მოთხოვოს მის მონაცემებთან დამაკავშირებელი ყველა ინტერნეტბმულის წაშლა.