„როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვი ჯიუტობს და გვეწინააღმდეგება“ – დავით ანდღულაძის რჩევები მშობლებს

წინააღმდეგობა და სიჯიუტე აუცილებელი და ბუნებრივია ბავშვის განვითარების ეტაპზე. ზოგჯერ ორი წლიდან, ზოგჯერ კი სამი წლიდან იწყება ეს პროცესი და უნდა გვიხაროდეს, რომ ბავშვი უფრო მეტად გამოეყო მშობელთან უშუალო კავშირს და ახერხებს, უკეთ გააცნობიეროს თავად რა სურს.

შეიძლება ამ წუთში ბავშვს შიოდეს, უკვე უნდა გითხრას, რომ შია, მაგრამ მშობელმა დაასწრო და უთხრა – „ხომ შეჭამ?“  პასუხი იქნება – „არა,“ მიუხედავად იმისა, რომ შია. ეს კი იმიტომ, რომ ბავშვს უფრო მეტად “შია” დამოუკიდებლობა, უფრო მეტად “შია” თავისი პიროვნული თავისუფლება და არჩევანი. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია და ასეთ დროს არ ღირს დიდი წინააღმდეგობის გაწევა. მაინცდამაინც იმის ჩაცმა უნდა, თქვენ რომ არ შეგითავაზებიათ და იცის, რომ თქვენ წინაღმდეგი იქნებით. ჯიუტობს არა იმიტომ, რომ თქვენთან ჯიბრშია, თქვენ არ მოსწონხართ ან არ უყვარხართ, არამედ იმიტომ, რომ მას უნდა პიროვნული დამოუკიდებლობა და თქვენთან წინააღმდეგობით უნდა დარწმუნდეს, რომ მაგარი ბიჭი ან მაგარი გოგოა. არ უნდა დავუკარგოთ იმის განცდა, რომ მაგარია, იყოს ზომიერი წინააღმდეგობაც და ამასთან მისი წინააღმდეგობა გულში გვიხაროდეს. არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჯიუტი და ურჩია და არ უნდა იფიქროთ, რომ გაიზრდება მერე რაღა იქნება. არა, რომ გაიზრდება, მაგარი გოგო ან ბიჭი იქნება, ჭკუაც მოემატება და ეცოდინება, რა არის გონივრული.