რას გულისხმობს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შედგა. ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხარისხში აყვანის გადაწყვეტილება მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას მიიღეს. მხარეები თანამშრომლობას ნაყოფიერად მიიჩნევენ და თვლიან, რომ არსებული საერთაშორისო და რეგიონული სიტუაციის ფონზე, ვალდებულნი არიან, პარტნიორობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით გააფართოონ, გააძლიერონ საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობა და ერთობლივად უზრუნველყონ როგორც რეგიონული, ისე გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკური განზომილების ფარგლებში, მხარეები ადასტურებენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

გარდა ამისა, შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნები ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განიხილავენ.

ეკონომიკური მიმართულებით,  ქვეყნებს შორის შეთანხმების ძირითად მიზანს თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერება წარმოადგენს. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის ზრდას და გამოთქვამენ მზაობას მის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყლისა და გზის” ინიციატივას – მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, ინიციატივის ფარგლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას „სარტყლისა და გზის“ მიზნების რეალიზებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის სტიმულირებას შემდეგი მიმართულებებით: ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შუა დერეფნის განვითარება და გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიები, წარმოება, სარკინიგზო ქსელების განახლება. გარდა ამისა, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავების პროცესში, მხარეები მზაობას გამოთქვამენ, აქტიურად გააგრძელონ ტექნოლოგიური და სამეცნიერო თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნებს შორის 1993 წელს გაფორმდა. გაძლიერდება პარტნიორობა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.

არსებული შეთანხმებით, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და როგორც გლობალურად, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის, ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის ურთიერთობების გაძლიერების მზადყოფნას გამოთქვამენ.