რა ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლემებს იწვევს მოზარდებში ეკრანზე დამოკიდებულება

დღეისათვის არაერთი მეცნიერი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი თუ ექიმი ინტერესდება ეკრანზე დამოკიდებული ადამიანებით. მეცნიერები თამამად საუბრობენ იმ ფიზიკურ და ფსიქიკურ ცვლილებებზე, რომლის გამომწვევ ფაქტორსაც წარმოადგენს ეკრანდამოკიდებულება. ასე მაგალითად, ამერიკელი ფსიქიატრი ვიქტორია ლ. დანქლი ერთ – ერთ თავის სამეცნიერო სტატიაში ეკრან დამოკიდებულებას მიიჩნევს  (electronic screen syndrome: an unrecognized, modern-day disorder) ჯერ კიდევ არაღიარებულ, მაგრამ თანამედროვე დარღვევად და ყურადღებას ამახვილებს რიგ ფსიქიკურ და ფიზიკურ ცვლილებებზე, რომლის მთავარ მიზეზად ბავშვებში ეკრანთან დიდი დროის გატარებას ასახელებს. ფსიქიატრის აზრით, ეკრანის ხშირი მოხმარება სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს განწყობაზე, კოგნიციასა და ქცევაზე. ცვლილებები უკავშირდება ნერვულ სისტემაზე მიწოდებულ განმეორებით იმპულსებს, რომელიც სტრესად აღიქმება ნერვული სისტემის მიერ. ვიქტორია დანქლი გამოყოფოს რამდენიმე მნიშვნელოვან, ყურადსაღებ ფაქტს, რომელიც უკავშირდება ეკრანდამოკიდებულებას და ვლინდება მოზარდებში მისი ხშირი მოხმარებისას:

ბავშვს ახასიათებს ხასიათის, განწყობისა და ქცევის ხშირი და უეცარი ცვლილება. სიმპტომები , რომლებიც ეკრანდამოკიდებულ ბავშვს ახასიათებს ვლინდება ანტისოციალურ ქცევაში სკოლაში, სახლსა და სამეგობრო წრეში.

ბავშვი არის მუდმივად გაღიზიანებული, აგრესიული, ახასიათებს ტანტრუმი, უძილობა, ლაბილურობა და ყურადღების გაფანტულობა.

ბავშვებს პრობლემები ექმნება მოკლევადიან მეხსიერებასთან, ჩნდება თვალებთან დაკავშვირებული პრობლემები და სხვა.

ეს შეიძლება გახდეს სხვა სოციალური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული, ნევროლოგური დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი ან გაამწვავოს რომელიმე ფსიქოლოგიური სინდრომის ან დარღვევის ფორმა.

ეკრან დამოკიდებულებამ შეიძლება გაამწვავოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ეკრანზე დამოკიდებულების აქტუალობას კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერი უსვამს ხაზს. დოქტორი ნიკოლას კარდარასი, რომელიც ავტორია წიგნისა ,, glow kids ”,ყურადღებას ამახვილებს თავის ტვინის მოქმედებასა და მის ცვლილებებზე ეკრანთან დიდი დროის გატარებისას. კვლევებით დადგინდა, რომ ეკრანდამოკიდებული ადამიანის თავის ტვინში მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, როგორიც ნარკოდამოკიდებული ადამინის თავის ტვინში ხდება. ასევე, 2011 წელს ინდიანას უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი: აკვირდებოდნენ მოზარდს, რომელიც გატაცებული იყო ძალადობრივი ვიდეო თამაშებით, თავის ტვინზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა ისეთივე ცვლილებები შუბლის წილში, როგორსაც თავის ტვინი განიცდის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისას.

აიოვას უნივერსიტეტის მონაცემებით, ორ წლამდე ასაკის ბავშვების 90 % ეკრანს იყენებს, ხოლო 2- 6 წლის ბავშვები დღის განმავლობაში ეკრანთან საშუალოდ 2-დან 4 საათამდე არიან. ეკრანთან დიდი დროის გატარება ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარების შეფერხებას, რის გამოც ხდება ბიოლოგიური სიმპტომების დისრეგულაცია.

ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები

ფსიქიატრი ვიქტორია დანკლი სამეცნიერო სტატიაში წერს იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებენ ეკრანზე დამოკიდებულებას. დასაწყისში ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს , რომლებიც ეკრანდამოკიდებულებას ახასიათებს, ესენია: შფოთვა, უხასიათობა , გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება, აგრესიული ქცევები ოჯახში, სკოლასა და თანატოლებთან.