პლატონ კალმახელიძე ქალაქ გურჯაანში, კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ქალაქ გურჯაანში, კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 200 სტუდენტზე გათვლილ და 21 600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.
კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საცხობი და საკონდიტრო მიმართულებები, საკვებისა და სასმელების მართვა, გასტრონომიული და ავანგარდული ტენდენციები, კრეატიული მიდგომები და კერძების გაფორმება.
გურჯაანში აღნიშნული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
ლევან ღირსიაშვილთან ერთად კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან კერესელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.