საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და კახეთის მხარის რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, იმყოფებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ესტუმრნენ კომპანიას „ყვარლის ბაგა,” სადაც დაათალიერეს მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა.
„ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც შეიქმნა 10 წლის წინ. ფერმაში, სადაც ჰოლშტეინის ჯიშის 3200 ძროხაა, ყოველდღიურად იწარმოება 45 000 ლიტრი რძე. 450 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კომბინირებული საკვების და რძის გადამამუშავებელი საწარმო. თანამედროვე სტანდარტების ფერმაში ინვესტირებული თანხა შეადგენს 30 მილიონი დოლარს. აღსანიშნავია, რომ ფერმაში დასაქმებულია 150-მდე ადგილობრივი. ფერმის ძირითადი მომხმარებელი არიან: „რძის ლაბორატორია,“ „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი.”
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ფერმის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ მეტი რძე და ქვეყანაში ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. წელს სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვთ ფერმერებს. 7 წლის განმავლობაში ჩვენ სესხის საპროცენტო განაკვეთს ვაფინანსებთ შესაბამისი სტანდარტების ფერმის მოწყობის ხარჯებისთვის. ამ ეტაპისთვის დადასტურებული გვაქვს და დაწყებულია დაახლოებით 25 მილიონის ინვესტიცია. ველოდებით, რომ გვექნება დიდი დაინტერესება. ამავდროულად, ვეხმარებით მცირე ფერმერულ მეურნეობებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი მცირე ფერმერი დავაფინანსეთ რძის პირველადი წარმოების მიმართულებით, რათა მათ ააშენონ შესაბამისი სადგომები ან რეკონსტრუქცია გააკეთონ, შესაბამისი აღჭურვილობა იყიდონ. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ჩვენ კარგ შედეგებს მოგვცემს როგორც რძის წარმოების, ისე ხორცის წარმოების მიმართულებით,“– განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მიმდინარე წელს, მესაქონლეობის დარგის განვითარებისათვის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ამოქმედდა. კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია. პროექტის ფარგლებში, რომელიც წელს, გაზაფხულიდან ამოქმედდა, გაცემულია 25 მლნ ლარის ღირებულების სესხები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ფერმაში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით წითლიძე და ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა მორგოშია.