მაია ბითაძე თელავის სამუსიკო სასწავლებლის გამოწვევებს გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ეწვია და დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო.
მინისტრს ინფორმაცია სასწავლებლის დირექტორმა ლელა ონიანმა მიაწოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.
მაია ბითაძის განცხადებით, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი რეგიონში მუსიკალური განათლებისა და სახელოვნებო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში რამდენიმე სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა და საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტების ნაწილი შეძენილია, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კვლავ არსებობს გამოწვევები.
„ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელოვნებო განათლების საუკეთესო პირობებში მიღება. ჩვენი პრიორიტეტია უწყვეტი და მრავალსაფეხურიანი სახელოვნებო განათლების განვითარება, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს“, — განაცხადა კულტურის მინისტრმა.
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი 1932 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებაში, ახალგაზრდა თაობების პროფესიულ აღზრდასა და კახეთის კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ხელშეწყობით, სასწავლებელში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურის ნაწილი და განახლდა საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები.
სასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში. მისი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე, სადაც არაერთი საპრიზო ადგილი და ჯილდო აქვთ მოპოვებული.
მინისტრთან ერთად სასწავლებელს ეწვივნენ კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.