თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – გიორგი ყარაულაშვილმა, გიორგი ქართლელიშვილმა და გიგა მამუკელაშვილმა, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და მისმა მოადგილემ ჯუმბერ ბატიაშვილმა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს სოფლების – კურდღელაურის, ვარდისუბნისა და გულგულის მოსახლეობასთან.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსებით მონაწილეობს.
პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.