კახეთში საერთაშორისო ველოსპორტული ღონისძიება „ტურ დე შატო ზეგაანი“ გაიხსნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ბენაშვილი საერთაშორისო ველოსპორტული ღონისძიების — „ტურ დე შატო ზეგაანი“ გახსნას დაესწრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეჯიბრში 17 გუნდის 110 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან საფრანგეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა და დუბაის გუნდები.
„ტურ დე შატო ზეგაანი“ კახეთში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიების მიზანია ქართული ველოსპორტის განვითარება, საერთაშორისო სპორტული კავშირების გაძლიერება და კახეთის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.