კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, დაესწრო საქართველოს პარლამენტისა და ორგანიზაცია „Wasteless – ის” ერთობლივი, რეგიონული პროექტის პრეზენტაციას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტისა და ორგანიზაცია „Wasteless“-ის ერთობლივი თანამშრომლობით კახეთში, სპეციალური შესაგროვებელი ყუთების საშუალებით, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების კამპანია ჩატარდება.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში განთავსდება სხვადასხვა ზომის ბრენდირებული ყუთი, სადაც მოთავსდება ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების და ელემენტების ნარჩენები.
ნარჩენების მართვის კამპანიის მიზანია საჯარო დაწესებულებებში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების მართვის საკითხის რეგულირება, გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით.