შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის უღელტეხილზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები დაწესდა. აიკრძალა სხვადასხვა სახის ავტომობილით მოძრაობა. ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი უამინდობას საჭირო რესურსით სრულიად მობილიზებული შეხვდა.
„კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოვიდა თოვლი. მუნიციპალიტეტები და შესაბამისი სამსახურები უამინდობას შეხვდნენ მომზადებულები. საჭიროების შემთხვევაში იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. საავტომობილო გზებზე არ არის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ძირითადად საუბარია გზის იმ მონაკვეთის შეზღუდვაზე, რომელიც არის ვაზიანი-თელავი-გომბორის დამაკავშირებელი მონაკვეთი. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს,“- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანი-თელავი-გომბორის მონაკვეთზე შეზღუდვები ძალაში დარჩება იმ დრომდე, ვიდრე ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხო არ გახდება.